დაარსებულია 1852 წელს.
აღდგენილია 1957 წელს.
ჟურნალი ”ცისკარი” _155
მოკლე ისტორია
”ცისკარი” _ ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი _გამოდიოდა 1852-1853 და 1857-1875 წლებში. 1852-53 წლებში ”ცისკარს” ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი. ჟურნალის მთავარი მიზანი იყო მხატვრული ლიტერატურის გზით ეროვნული თვითშეგნების გაღრმავება, საზოგადოების განათლებისა და მწერლობის ხელშეწყობა. ”ცისკარმა ფართო საზოგადოებას გააცნო სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილი და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერთა სახით ვრცელდებოდა და მხოლოდ ერთეულებისთვის იყო ხელმისაწვდომი.
1857 წელს ჟურნალის გამოცემა განაახლა ივანე კერესელიძემ, რომელიც 19 წლის განმავლობაში უძღვებოდა მას. ”ცისკარში” თანამშრომლობდნენ როგორც ძველი, ისე ახალი თაობის წარმომადგენლები. აქ იბეჭდებოდა დიდი ილიას, აკაკის, დანიელ ჭონქაძის, ლავრენტი არდაზიანის ნაწარმოებები. ”მოლაყბის ” ფელეტონები და ანტონ ფურცელაძის წერილები, ჟურნალის ფურცლებზე გაიშალა თაობათა პაექრობა, რომელმაც დასაბამი მისცა საზოგადოებრივი ცხოვრების ახალ ეტაპს.
1957 წელს განახლებულ ”ცისკარს” სათავეში ჩაუდგა ცნობილი მწერალი ვახტანგ ჭელიძე. სხვადასხვა დროს ჟურნალს რედაქტორობდნენ: კოსტანტინე ლორთქიფანიძე, ხუტა ბერულავა, ჟანსუღ ჩარკვიანი, გურამ ფანჯიკიძე, მორის ფოცხიშვილი, ჯანსუღ ღვინჯილია, იორამ ქემერტელაძე, თეიმურაზ დოიაშვილი, დავით მაღრაძე, 1992 წლიდან დღემდე ”ციკრის” მთავარი რედაქტორია ზაურ კალანდია.
”ცისკარს” _ საქართველოს ამ უძველეს ჟურნალს, 155 წელი შეუსრულდა, და… სწორედ ამ, საუბილეო თარიღის აღნიშვნის შემდეგ კვლავ დახურვის საფრთხე ემუქრება!.
ილია ჭავჭავაძე
”ცისკარმა” …აკვნობა გაუწია იმ ყმაწვილ მწერლებს, რომლებთაც მერე, სამოციან წლებში, წინანდელ მწერლებთან ერთად ისეთი ძლიერი ტალღა ჰკრეს ჩვენს აზრთა დენასა.
აკაკი წერეთლი
გ. ერისთავმა … გამოსცა ჟურნალი ”ცისკარი” და დაარსა ქართული თეატრი. დიდი გოლიათობა ეჭირვებოდა ამ დროში ამაების სისრულეში მოყვანას …გ. ერისთავმა სამარადისოდ სახსოვარი რამ შესძინა თავის სამშობლოს და თავის თავსაც საჩინო ძეგლი აუგო.
”ცისაკრი” იუბილარია, ”ცისკარი” კიდევ ბევრ სიხარულს ჰპირდება თავის მკითხველს” - ვწერდით 1997 წლის საიუბილეო ნომერში. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში. ”ცისკარი” დღესაც იუბილარია - მას დაბადებიდან 155, აღდგენიდან 50 წელი შეუსრულდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამჯერად ”ბევრ სიხარულს” ვერ ვპირდებით ჩვენს მკითხველს - ჟურნალი დახურვის პირას არის: ეს საიუბილეო ნომერიც კეთილი ადამიანების, მეგობრების მიერ გაწეული დახმარების ხარჯზე გამოდის, თუმცა, ვინ იცის, იმედი ხომ სულ ბოლოს კვდება - ”ცისკარიც” ამ მოტივით აგრძელებს არსებობისთვის ბრძოლას…
ჟურნალ ”ცისკრის” მთავარ რედაქტორს ზაურ კალანდიას
არა მარტო შენ, მე მივმართავ ჩემი, მეოცე საუკუნის სამოციანელებიდან, ცისკრელებიდან დღემდე ყველა თაობის ცისკრელებს და იმ დიდ საქართველოს, რომელმაც კარგად იცოდა ფასი დიდი ქართული მწერლობისა. ვაი უკითხურსა და მდაბიოს, რომელსაც წიგნი არ გადაუშლია, კიბეთა ერთი საფეხურიც არ აუვლია და პირდაპირ კიბის თავში მოექცა.
რა ვქნა, არ იციან, რომ ეშმაკის დანგრეულს ისევ უფალი აღადგენს.
დანაშაული ჩაიდინეს და გაანადგურეს ქართული ეროვნული პრესის უერთგულესი ჟურნალები. კი ბატონო, ჩაიდინე დანაშაული, მაგრამ ისიც უნდა იცოდე, რომ დანაშაულს მამულის წინაშე მხოლოდ ვაჟკაცები აღიარებენ…
გამოჩნდა დიდი და ღვთითბრწყინვალე პიროვნება, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ილია II , გამოჩნდა და ეშმაკის დანგრეული ღვთის ნებით აღადგინა.
გავიხარე და კვლავ დავრწმუნდი, რომ სიკეთის მქნელს ერთადერთი უფალი თუ დაუფასებს.
ჩემი ბიოგრაფიის დიდი ნაწილი ”ცისკარია”. მეამაყება, რომ თერთმეტი წელი ”ცისკრის” რედაქტორი ვიყავი, ჟურნალისა, რომელიც გზას უკვალავდა მომავალ თაობებს სიტყვის თავისუფლებისკენ.
ყველას თავისი სიცოცხლის წიგნი აქვს _ ზოგი ეშმაკის დაწერილია, ზოგი უფლისა.
გიცხადებთ თანადგომას.
დიდი მადლობა უწმინდესსა და უნეტარესს _ ჩვენ გამივარჯვეთ, გაცისკრდა ქართული მწერლობა. გაიხარა ქართველმა მკითხველმა.
მარად ცისკრელი ჯანსუღ ჩარკვიანი
2006 წ. აპრილი
ჟურნალი ”მნათობი” სულითა და გულით ულოცავს ძვირფას კოლეგას _ ჟურნალ ”ცისკარს” _ შესანიშნავ იუბილეს და უსურვებს ახალ და ახალ წარმატებებს.
დე, ”ცისკარი” კიდევ დიდხანს ემსახუროს ჩვენს დიდ ქართულ მწერლობას ახალგაზრდული შემართებითა და ნიჭიერებით.
ჟურნალ ”მნათობის” მთავარი რედაქტორი
/\
გზა - გიორგი ერისთავიდან დღემდე
1852 წლის იანვარი. გიორგი ერისთავის უდიდესი ძალისხმევით გამოდის პირველი ქართული ჟურნალი ”ცისკარი”.
ჟურნალმა, რომლის არსებობის უფლება პეტერბურგიდან გაიცა მთელი წლის ხვეწნა-მუდარის შემდეგ, სულ ორიოდე წელიწადს იარსება.
1854 წელს გიორგი ერისთავი ”ცისკრის” გამოცემის უფლებას აძლევს ივანე კერესელიძეს და იწყება თხოვნა-მოთხოვნის ახალი, ამჯერად თითქმის სამწლიანი ციკლი _ ბატონი ივანე მხოლოდ 1857 წლისთვის ახერხებს ჟურნალის განახლებას. ჟურნალი კი გამოდის _ მკითხველი ხელმომწერი არ ჩანს და ისმის გამუდმებული თხოვნა ქართველთადმი: ”აბა შეხედეთ სხვებსა, რაგვარ ეხმარებიან თავიანთ ენის მწიგნობრობასა, დროა ჩვენც თვალები გავახილოთ და დახმარება აღმოუჩინოთ ”ცისკრის” გამოცემასა (ალ. ორბელიანი). ხელმომწერი არა და არ ჩანს.
ივანე კერესელიძე არ ზოგავს არც ძალას, არც საკუთარ ქონებას, როგორმე შეუნარჩუნოს ერს ”ცისკარი”. იგი არამარტო რედაქტორი და გამომცემელი, თვითონვეა თანამშრომელიც, ასოთამწყობიც, ამკინძავიც, კორექტორიცა და ხშირად დამტარებელიც. ნელ-ნელა ”ცისკარი” იკრებს ავტორებს; თითქმის შეუმჩნევლად, მგარამ მაინც იზრდება ხელმომწერთა რიცხვი.
1960 წლიდან ”ცისკარი” აქვეყნებს დანიელ ჭონქაძის ”სურამის ციხეს”, ლავრენტი არდაზიანის ”სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილს”, რეგულარულად იბეჭდება ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, რაფიელ ერისთავის, ანტონ ფურცელაძის, ნიკო ნიკოლაძის ნაწარმოებები; აქვე ქართველი მკითხველი პირველად ეცნობა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ალექსანდე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის თხუზულებებს, იბეჭდება უცხოური ლიტერატურის მნიშვნელოვან ნაწარმოებთა თარგმანები. ჟურნალ ”ცისკრის” ფურცლებზე გაიშალა თაობათა პაექრობა, რომელმაც დასაბამი მისცა საზოგადოებრივი ცხოვრების ახალ ეტაპს. სწორედ ”ცისკარი” უმზადებს ნიადაგს სამოციანელების ახალ გამოცემას _ ”საქართველოს მოამბეს”, რომელიც 1863 წელს იწყებს არსებობას.
დასრულდა ჟურნალის გამოცემის ერთი უდიდესი ეტაპი.
1875 წელს ”ცისკრის” არსებობა შეწყდა.
რვა ათეული წლის შემდეგ, 1957 წელს ფენიქსივით აღდგა ახალი ”ცისკარი”.
ეს, უპირველესად, მისი პირველი რედაქტორის ბატონ ვახტანგ ჭელიძისა და ახალი სამოციანელების დამსახურებაა. შეიძლება თამამად ითქვას, თანამედროვე ქართულ მწერლობას ”ცისკარმა” უპატრონა, მიხედა, გადაარჩინა, ამის დასტურად ამ საიუბილეო ნომრის ერთი თვალის გადავლებაც კმარა.
”ცისკარის” ახალი სუნთქვა პირველზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.
დღეს? ვიცი, საიუბილეო ნომერს წუწუნი არ უხდება.
არც ვაპირებ. ორიოდე სიტყვით, შეხსენებისათვის, გადმოგცემთ:
ბოლო ათი-თორმეტი წელიწადი ”ცისკრისთვის” უმძიმესი იყო.
ხელმომწერთა რიცხვი კი შემცირდა, საერთოდ გაქრა და, ცხადია დახურვის კარამდე მივედით.
რა მოხდა, ნუთუ ქართველმა მკითხველა ზურგი შეაქცია ქართულ მწერლობას ან ის ნაწარმოებები, რაც დღეს იწერება, არ აკმაყოფილებს?! რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის! ყველა დროში იწერება, რაც უნდა დაიწეროს და ჟურნალიც იმას ბეჭდავს. სამწუხაროა, რომ დღეს საქართველო ვერ ცხოვრობს პურით და წიგნით. მარტო არსობის პურით ცხოვრობს, მხოლოდ პურით… მწამს, ასე დიდხანს არ გაგრძელდება!
”ვეფხისტყაოსნის” შემქმნელი ერი არ შეიძლება უწიგნოდ დარჩეს, არც _ ”უცისკროდ”!
ეს თვითმკვლელობის ტოლფასია, ამის უფლება ათასხუთასწლოვანი ლიტერატურის მქონე ქვეყანას არა აქვს!
”ცისკრის” კოლექტივმა იცის ეს და, უპირველესად, ქართულმა მწერლობამ!
იმედია, იმდენი გონიერება შეგვრჩა, ხვალინდელი დღე რომ გადარჩეს!
”აბა შეხედეთ სხვებსა, რაგვარ ეხმარებიან თავიანთ მწიგნობრობასა, დროა ჩვენც თვალები გავახილოთ და დახმარება აღმოუჩინოთ ”ცისკრის” გამოცემას”.
ზაურ კალანდია
მთავრი რედაქტორი
მადლობა დიდი საქართველოსგან,
მადლობა დღეის გონიერი საქართველოსგან!
მარადიული და დღევანდელი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში გაილია გასული საუკუნის მიწურული, ახალი საუკუნის დასაწყისი… ილიას გზით, სამოციანელების კვალდაკვალ! მამული, ენა, სარწმუნოება! _ ისმოდა მოწოდებები და… მოწოდებებად რჩებოდა. ოცი წელი საკმარისი არ აღმოჩნდა პოლიტიკოსებისთვის, დიდი საქართველოს და დღეის საქართველოს გაერთიანება მოეხდინათ. ჩანს, მხოლოდ ქართული სულიერების საყრდენს, მართლმადიდებლურ ეკლესიას და მის წინამძღოლს, უწმინდესსა და უნეტარესს ხელეწიფებათ ორი საქართველოს გამთლიანება და ამისი საუკეთესო მაგალითია ჟურნალი ”ცისკარი” _ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მისი ფონდის ურყევ გადაწყვეტილებას მადლიერებით ხვდება XIX საუკუნის საქართველო XX და XXI საუკუნეების საქართველოს გონიერი ნაწილი; ამ გადაწყვეტილებებს ეხმიანება გიორგი ერისთავის და ივანე კერესელიძის, ილიას და აკაკის, იაკობისა და ვაჟას უკვდავი სულები; ამ გადაწყვეტილებას მადლიერებით ხვდება სულ ორიოდე წლის წინ დიდ საქართველოში გადასახლებული ვახტანგ ჭელიძე, რომელმაც ჟურნალის დაარსებიდან საუკუნის წლისთავზე შეძლო, კომუნისტური მმართველობის ხელიდან გამოეწიწკნა და ხელახლა შთაებერა სული ”ცისკრისთვის”, ამ გადაწყვეტილებამ სიხარული მოჰგვარა ”ცისკრის” აწ გარდასული რედაქტორის სულებს დიდ საქართველოში: ამ გადაწყვეტილებით გამოწვეულ ბედნიერებას გიდასტურებთ ”ცისკარში” კორექტორად მოსული და მის ერთ საუკეთესო რედაქტორად ქცეული ჯანსუღ ჩარკვიანი. რომლის დროსაც ჟურნალმა თავის მწვერვალს მიაღწია და ტირაჟი 75 000-მდე გაზარდა; რომლის თანადგომისა და მეგობრულ ხელსაც მუდამ გრძნობდა და გრძნობს ”ცისკრის” დღევანდელი ხელმძღვანელობა თუ რიგითი თანამშრომლები; რომელიც დღემდე რჩება უპირველეს ცისკრელად; ამ გადაწყვეტილებას ეხმიანებიან დღევანდელი ქართველი მწერლები, რომელთა ნაწარმოებებს მოუთმენლად ელოდა ”ცისკარი”, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ ”ცისკრის” ფურცლებზე თავიანთი ნაწერების გამოჩენას.
ჟურნალ ”ცისკრის” რედაქცია
/\
მთავარი რედაქტორი:
ზაურ კალანდია
სარედაქციო საბჭო:
ბაღათერ არაბული
ელზა მეტრეველი
(მთ. რედაქტორის მოადგილე)
გიორგი წერეთელი
(მხატვარი)
========
”ცისკრის” საიუბილეო ნომერში, სასიქადულო მამულიშვილებთან ერთად, ლიტერატორთა სხვადასხვა თაობის, მრავალი ცნობილი შემოქმედია წარმოდგენილი…
ლიტერატურა _ ხალხის ჭკვა, ხალხის გონება _ და განათლების ხარისხია.
- ილია ჭავჭავაძე
რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად... ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას.
ვაჟა-ფშაველა
Georgia
ეროვნული მრწამსი, ტოლერანტობა, გონიერ და პირიან კაცთა ძალისხმევა!..
ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრი
Analytical Center of National Consciousness
…JVJ Home Page (www.jvj.20m.com)
ქართველ მოაზროვნეთა სუნთქვა, ფიქრი, ოცნება, გულისძგერა და შემართება შემორჩენია ”ცისკრის” ფურცლებს…
მოაზროვნეთა მიერ დანთებული მამულიშვილური სული, ოდითგანვე ასაზრდოებდა, ხვეწდა და განამტკიცებდა ეროვნულ თვითშეგნებას...მწიგნობარი _ ლიტერატორი, ხელოვანი, ფილოსოფოსი, მეცნიერი, საზოგადო და საეკლესიო მოღვაწე ჭეშმარიტი მცნობარი და მედროშე გახლდათ ერის სულიერი ინტერესებისა...საუკუნეთა მანძილზე მათი საქმიანობა ეროვნული ცნობიერების მრწამსითა და საკაცობრიო იდეალებით გაჯერებულ მისიონერულ მოღვაწეობად იქცა...
”ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრის”-ა და ჟურნალ ”ხატოვანი მოტივაციების” სახელით ჯანრი გოგეშვილი
=======
© გახსოვდეთ!..
”საავტორო უფლება”
=======
იხ. ჟამთა სვლის ფრაგმენტები... Time fragments...
====
/\
საძიებელი
The index
გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე... / Literary-cognitive space...
=======
since 7 June ... 2009
=======
Комментариев нет:
Отправить комментарий